
გამუდმებით ერთი სცენარია - „მე ამასთან არ დავჯდები, მე უფრო რეიტინგული ვარ, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ, მე კადრში კარგად გამოვიყურები, ვიზუალი ხელს მიწყობს“ - გამოსავალი არის მარტივი: უბრალოდ „დავიკიდოთ“ ეგ „ყოვლისშემძლე“, მძლეთამძლე „პოლიტ-ელიტა“ და ხალხი გავერთიანდეთ! ხალხის გაერთიანებას არ აქვს ალტერნატივა! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, 4 ოქტომბერი უნდა იქცეს გამარჯვების დღედ და ყველა უნდა გავიდეს რუსთაველის გამზირზე.
“გამომყევით, ბოლომდე წაიკითხეთ და სად არ მეთანხმებით, გამიზიარეთ. ივანიშვილის ტაქტიკა არის მარტივი - დაშალე, დაქსაქსე და იბატონე, გადაკიდე ერთმანეთს, შური და უნდობლობა გააღვივე, რომ დაჭამონ ერთმანეთი და უყურე სეირს. პარალელურად, გაძარცვე ხალხი, გამდიდრდი და იცხოვრე ნამდვილი ბატონივით. ინდივიდუალურად წაახალისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ეგოები, შეაგულიანე, რომ „ვარსკვლავები“ არიან და გაერთე…
ამის შემდეგ იწყება, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია, პოლიტიკოსები და აი, აქ უკვე გამუდმებით ერთი სცენარია - “მე ამასთან არ დავჯდები, მე იმასთან ერთად არ მინდა, ამან რომ „მაშინ“ ასე თქვა, მე უფრო რეიტინგული ვარ, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ, მე კადრში კარგად გამოვიყურები, ვიზუალი ხელს მიწყობს, გუშინ ბრიტანეთში ვიყავი, ხვალ საელჩოებს ვხვდები, ზეგ ფრენა მაქვს… გუნდთან გავივლი კონსულტაციას, შევიკრიბებით, შევქმნით კომიტეტს, მე მაქვს 16 პუნქტიანი გეგმა, მე მაქვს ნამდვილი სტრატეგია, მე ვიცი როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა და ჩემთან მოდით, მე ყველაზე დეტალური ხედვა წარმოვადგინე, მე მაგას როდის ვამბობდი” - და ასე, დაუსრულებელ ბლა-ბლა-ბლაში მიფრინავს დრო.
გამოსავალი არის მარტივი: უბრალოდ „დავიკიდოთ“ ეგ „ყოვლისშემძლე“, მძლეთამძლე „პოლიტ-ელიტა“ და ხალხი გავერთიანდეთ! ხალხის გაერთიანებას არ აქვს ალტერნატივა! არც მათკენ ხელის გაშვერაა სწორი და სამართლიანი.
მუდმივად რომ არ ვეძებოთ „დამნაშავეები“, უბრალოდ ინიციატივა აიღოს ხალხმა და გაერთიანდეს ხალხი! ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის! გვჭირდება უპირობო ერთიანობა მხოლოდ ხალხის და არა გამოგონილი, თუ სარდაფში გახსნილი ორკაციანი პარტიების! ნამდვილი, ეროვნული ერთიანობაა საჭირო და არა 1000 პუნქტის გარშემო, არამედ უმარტივესი მიზნის გარშემო - საქართველო უპირველეს ყოვლისა! გავერთიანდეთ საქართველო ივანიშვილის გარეშე მოთხოვნით, მშვიდობიანად დავამხოთ რეჟიმი და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, შემდეგ იქ დაგვიმტკიცონ პოლიტიკოსებმა რომელი, რომელს ჯობია.
4 ოქტომბერი ვაქციოთ გამარჯვების დღედ - ეს ნამდვილად არის ჩვენს ხელში! ყველა გამოვიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ უპრეცედენტო ერთიანობა ქართველი ხალხისა, რაც უპირობოდ მოიტანს მშვიდობიან შემოდგომის რევოლუციას!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.
0
0