
„ახალი კვარაცხელია გამოჩნდა – პსჟ-ს ვინგერის ძმა „დინამო თბილისში“ სახელის მოხვეჭას იწყებს“ – ამ სათაურით ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ თორნიკე კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა და ქართველი სპორტული ჟურნალისტის, თამარ აბესაძის კომენტარებს ეყრდნობა.
„კვარაცხელიას ოჯახს საქართველოსთვის დიდი სიხარული მოაქვს. ხვიჩას შემდეგ გამოჩნდა მისი უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია, 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელი. თორნიკეს განვითარებას საქართველოში დიდი იმედით ელიან, რადგან ის თავისი თაობის უდიდესი ტალანტია.
ხვიჩასთან შედარება, რაც არ უნდა უსამართლო იყოს, გარდაუვალია. მსგავსება აშკარაა. ორივე მარცხენა ფლანგზე თამაშობს და შესანიშნავი ტექნიკა აქვთ. 16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ უკვე 10 მატჩი (375 წუთი) ჩაატარა „დინამო თბილისის“ პირველი გუნდის შემადგენლობაში. თორნიკეს მისვლით, გუნდმა დინამიზმი, კრეატიულობა და შეტევის სიღრმე შეიძინა.
ბევრი გულშემატკივარი დაბრუნდა სტადიონზე „დინამო თბილისის“ მატჩების საყურებლად, რადგან გრძნობენ, რომ მომავალი ვარსკვლავის დაბადებას უყურებენ. მისი პოპულარობა საზღვრებს სცდება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის უმცროსი ძმა გაემგზავრა მიუნხენში, რათა ჩარიცხულიყო „ბაიერნში“, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სცადა ხვიჩასთან კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ უშედეგოდ.
„ბაიერნის“ ინტერესი მხოლოდ ერთი მაგალითია. მის პროგრესს ევროპის სხვა წამყვანი კლუბებიც ყურადღებით აკვირდებიან. თუმცა, მათ მოუწევთ ლოდინი, რადგან რეგულაციები ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს უცხოურ კლუბებში გადასვლას გარკვეულ ასაკამდე უკრძალავს“.
0
0