16/01/2025
16:34
პოლიტიკა
ვისთან უნდა ვითანამშრომლო? მაინტერესებს, რაზე უნდა ვუპასუხო ივანიშვილის რუსულ რეჟიმს? - ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა ის მმართველი გუნდის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან, რომლის შექმნასაც პარლამენტში „ქართული ოცნება“ გეგმავს.
ბოკუჩავას თქმით, მისთვის გაუგებარია, რისთვისაც ასამართლებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
„რაზე მასამართლებს - ქვეყნის სიყვარულისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის, იმისთვის, რომ ვიცავ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს თბილისში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რუსთაველზე თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში? ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება, ამ რუსული დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ არა პოლიტიკურად მართული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიერ, რომელიც კეთილსინდისიერების ტესტის შედეგად იქნება შედგენილი და რომლის შედგენაშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და საზოგადოების კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კობახიძის განცხადებით, ვინც არ ითანამშრომლებს, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ბოკუჩავამ ასე უპასუხა: „გამომამწყვდიოს კობახიძემ ციხეში“.
0
0