
გაზეთ Maariv-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისრაელის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წარუმატებლობაზე, რამაც გამოიწვია „ჰამასის“ გამანადგურებელი თავდასხმა 7 ოქტომბერს.
წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღეს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მეთაურებმა, თავდაცვის მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა.
გამოკითხვების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ ნეთანიაჰუმ უნდა მიჰბაძოს ისრაელის თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებს, რომლებმაც პასუხისმგებლობა უკვე აიღეს. ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის აღების მომხრეების 69% არიან მოქალაქეები, რომლებმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიქუდს“ დაუჭირეს მხარი გასული წლის არჩევნებზე. ისრაელის ფართო საზოგადოების მხოლოდ 8% ფიქრობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს.
კითხვაზე, ვინ არის უფრო შესაფერისი პრემიერ მინისტრობისთვის, 49% ირჩევს „ეროვნული ერთიანობის“ პარტიის ლიდერს ბენი განცს და მხოლოდ 28% ირჩევს ნეთანიაჰუს.
რაც შეეხება ღაზის ომს, ისრაელის 65% მხარს უჭერს სახმელეთო შეტევას არაბულ ანკლავზე, ხოლო 21% ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, 51%მხარს უჭერს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ ფრონტზე ლიბანში „ჰამასთან“ და „ჰეზბოლას“ ტერორისტებთან მზარდი შეტაკების შემდეგ, ხოლო 30%-ს სურს შეზღუდული ოპერაცია.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
0
0