-share.jpg)
კარგი სიახლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის - გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ძროხამ რძეში გამოიმუშავა ცილები, რომლებიც ადამიანის ინსულინისთვის არის საჭირო; ექსპერიმენტის ავტორ მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ ასეთმა ძროხებმა შეიძლება სამუდამოდ გადაჭრან მსოფლიოში ინსულინით მომარაგების პრობლემა.
თუკი ასეთი ძროხების ნახირი რეალობად იქცა, რაც პირველ შემთხვევაზე დაყრდნობით უნდა ითქვას, რომ შორეული პერსპექტივაა, შეეძლება, კონკურენცია გაუწიოს ინსულინის წარმოების ამჟამინდელ მეთოდებს, რაც გენეტიკურად მოდიფიცირებულ საფუარსა და ბაქტერიებს ეფუძნება.
ინსულინი და მისი როლი დიაბეტში, 1921 წელს აღმოაჩინეს და მრავალი წლის განმავლობაში, დიაბეტს მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და ღორის პანკრეასიდან აღებული ინსულინით მკურნალობდნენ.
„ადამიანის“ პირველი ინსულინი 1978 წელს, გენმოდიფიცირებული ბაქტერია E. coli-ს ცილების გამოყენებით მიიღეს; შემდეგში ის ასევე მიიღეს მსგავსი პროცესებით, რომლებშიც ბაქტერიის ნაცვლად საფუარი გამოიყენეს. დღეისათვის, ეს ორი მეთოდი სამედიცინო ინსულინის ძირითადი წყაროა.
მიუხედავად იმისა, რომ ძროხების გადაქცევა ადამიანის ინსულინის მწარმოებლებად სულაც არაა ახალი ამბავი, ახალი კვლევა პირველია, რომელშიც „ადამიანის“ ინსულინის წარმოება გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ძროხამ შეძლო.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ურბანა-შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერი მეტ ვილერი ხელმძღვანელობდა, 10 ძროხის ემბრიონის უჯრედის ბირთვებში შეიყვანა ადამიანის დნმ-ის ის კონკრეტული სეგმენტი, რომელშიც პროინსულინია (ცილა, რომელიც ინსულინად გარდაიქმნება) ჩაშიფრული. შემდეგ ეს ემბრიონები ჩვეულებრივი ძროხების საშვილოსნოში გადანერგეს.
მხოლოდ ერთი გენმოდიფიცირებული ემბრიონი გადაიზარდა მაკეობაში, რაც ბუნებრივი მშობიარობით, ტრანსგენური ხბოს დაბადებით დასრულდა.
როცა სქესობრივად მომწიფდა, მკვლევრებმა ძროხის გენმოდიფიცირებული მაკეობის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს ხელოვნური განაყოფიერებით, ინ-ვიტრო განაყოფიერებითა და ძველმოდური გზითაც კი. ყოველი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ჯგუფი შენიშნავს, ეს შეძლება უფრო დაკავშირებული იყოს ემბრიონის დამზადების გზასთან და არა იმ ფაქტთან, რომ ის გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო.
0
0