
მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდომასთან შეიძლება გვქონოდა საქმე. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„ზოგადად, პროექტირების შეძენა ხდება შესაბამისი ექსპერტიზის გათვალისწინებით. ასევე იცით, რომ შესაბამისი პროცედურაა სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდომასთან შეიძლება გვქონოდა საქმე. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე. ეს პირველ რიგში არის ჩვენი და კახა კალაძის ინტერესი. დღეს მოვისმინეთ ბევრი შეფასება, მათ შორის პოლიტიკური და არაპოლიტიკური, მაგრამ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, და თუ ვინმესთვის არის ყველა მხრივ უმძიმესი მდგომარეობა, ეს არის თბილისის მერი კახა კალაძე. ის წლების განმავლობაში დიდი შრომით და მონდომებით ცდილობდა, რომ თითოეული ინფრასტრუქტურული თუ რეკრეაციული პროექტი ძალიან მაღალი ხარისხით განხორციელებულიყო. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც მაღალი ხარისხით განხორციელდა, მაგრამ, საუბედუროდ, ეს შემთხვევა მოხდა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის აღუწერელი, ამ შეგრძნებების ენით გადმოცემა არის ძალიან რთული. არ ვარ დარწმუნებული, რამდენად მართებულია ზოგადად ამაზე საუბარი, მაგრამ მინდა გადავუხადო მადლობა ექიმებს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ამ დღეებში. ლაზარეს მდგომარეობა დასტაბილურდა და არის მნიშვნელოვანი პროგრესი. მესამე მოსწავლე გაწერილია, უკვე სახლშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ტყემალაძე.
0
0