06/10/2021
18:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი წერილი შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერის წერილში განვითარებული ლოგიკა აბსოლუტურად ზუსტია.
„ერთი თეორიული ვერსია, რაზედაც იქ არის საუბარი არის ის, რომ სააკაშვილმა შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, შეგნებულად წავიდა ციხეში თუმცა, ვიცით მისი ბუნება, მშიშარა ადამიანია და ამას ის არ დაგეგმავდა, ვინც იცნობს მის ბუნებას, გორში როგორც გაიქცა, გაექცა ვირტუალურ თვითმფრინავებს, ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს. შესაბამისად, ერთ-ერთი ლოგიკური ვერსია არის ის, რომ მას სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი, სხვა რამის იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ მოახერხებდა იმის გაკეთებას, რასაც გვპირდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში კიევიდან - ეს იყო ხელისუფლების გადატრიალება, კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამ გათვლით შემოვიდა ის და არა ციხეში შესვლის გათვლით. რაც შეეხება იმას, რამდენად პერსპექტიული იყო ეს გეგმა. ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე ხაზგასმა, რომ თავისივე ტყუილებს იჯერებდნენ.
პრემიერის წერილში ეს კარგად იყო აღნიშნული, რაღაც ტყუილებს ამბობენ, მაგალითად იმას, რომ მოშლილია სახელისუფლებო სისტემა და მერე თვითონვე იჯერებენ ამ ტყუილს. ამ შემთხვევაშიც რაღაც ფეიკი შექმნეს, ერთი-ორი წელი ატრიალებდნენ, რომ მოშლილია სახელმწიფო სისტემა და თვითონვე დაიჯერეს ეს ტყუილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილი შეეცდებოდა 3 ოქტომბერს მომიტინგეებთან გამოჩენას, არალეგიტიმური შეკრება დაიშლებოდა, აღიკვეთებოდა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და სააკაშვილი იქნებოდა დაკავებული ქუჩიდან.
„თუ იგი შეეცდებოდა როგორც დაგეგმილი იყო, 3 ოქტომბერს გამოჩენას მომიტინგეებთან ერთად, რომ იქ 5 000 კაცი შეკრიბეს, მათთან ერთად გამოდის, აწყობენ შტურმებს და ა.შ. და აქაც უნდა გავიხსენოთ, რომ გახარია აღარ არის პრემიერი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია, მისი ხელმძღვანელობით და ვახტანგ გომელაურის შესრულებით ჩატარდებოდა უმარტივესი ოპერაცია წყლის ჭავლით და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ისე, რომ თმის ღერი არავის ჩამოუვარდებოდა. არალეგიტიმური შეკრება უმარტივესად დაიშლებოდა, აღიკვეთებოდა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და სააკაშვილი იქნებოდა დაკავებული ქუჩიდან. ეს არ არის პრივილეგია ან უფლება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ თუ ვინმე ემუქრება სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფოს მართებს ამ შემთხვევაში სათანადო რეაგირება კანონის ფარგლებში, ლეგიტიმურად და პროპორციულად“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0