04/01/2025
19:27
საზოგადოება
“რეგენტს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ 2 იანვარს, როცა ის პატრიარქს სტუმრობდა, მასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იგალობა. როგორც მან მითხრა, პატრიარქთან ერთად საგალობლები ორ ხმაში შეასრულეს," - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უწმინდესობის საახალწლო მილოცვის ვიდეო-ვერსიის გავრცელებას შეეხებოდა.
მეუფე ამბობს, რომ ილია მეორეს საუბარიც შეუძლია და გალობაც.
ამასთან, მეუფემ კომენტარი გააკეთა საახალწლო მილოცვის ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, მონტაჟი იყო. მეუფე გამორიცხავს პროვოკაციას და ამ კონტექსტში ცნობილი ფრაზა გაიხსენა: “მახსენდება ერთი ცნობილი პოლიტიკოსის განცხადება - ”მინდოდა უკეთესი გამოსულიყო, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის…". პროვოკაციას გამოვრიცხავ", თქვა მეუფემ.
ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა ილია მეორეს შეცვლა [გადაყენება], რაზეც მეუფემ მედიას უპასუხა, რომ “გამორიცხულია”:
“გამორიცხულია. ყველამ დაივიწყოს ეგ ამბავი…” - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
0
0