
„ქართულ ოცნებას“ აქვს სტრატეგია, რომ ყოველ დღე სიგიჟე ილაპარაკოს, რადგან ნარკოტიკივით შესვეს საკუთარი აუდიტორია ამ სიგიჟეებზე - სერიოზული პრობლემა აქვს შიგნით, რადგან ყველა სვამს კითხვას: სანქციები რომ მოდის, ვინ მომეხმარება მე, რომ სანქციები მოიხსნას? სწორედ ამიტომ საუბრობენ, რომ მყიფე ერთიანობა არ ჩამოეშალოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის „დიფ-სთეითთან:“ კავშირსა და დასავლეთიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე.
ვაშაძე კობახიძის განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნებას“ არცერთი მტკიცებულება არ აქვს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის წინააღმდეგ ოპოზიციას „მწყობრი, საერთო კამპანია სჭირდება“.
გარდა ამისა, ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ „დიდი ერთიანობი“ მომხრეა.
„ მე ვარ დიდი ერთიანობის მომხრე და ვფიქრობ, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პარტიული პოლიტიკის ადგილი არ არის. ბევრმა შეიძლება ისაუბროს განსხვავებაზე, მაგრამ რა განსხვავება, ხალხო? ივანიშვილი რომ მოსაშორებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით? ჩემს ხელში რომ იყოს რას ვიზამდი? - ერთიანი შტაბი, ერთიანი კარ და კარი, ერთიანი საინფორმაციო გზავნილები, სამოქმედო გეგმა. ყველა გაფანტული ადამიანური რესურსი ჩართვა საერთო ბრძოლაში. როგორ დავამარცხებთ საინფორმაციო პროპაგანდას? - თუ ყველა კარზე დავაკაკუნოთ და შევიტანთ ჩვენს ინფორმაციას. ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან პროტესტში ჩართული მხოლოდ რუსთაველზე კი არ შევიკრიბებით, გადავერთვებით თითოეულ უბანში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციის გაერთიანებას ეწინააღმდეგება, ვაშაძე ამბობს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი აქვთ და ეს კომპლექსი უშლის ხელს ოპოზიციის დიდ ერთობას“.
„ვფიქრობ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის ქვეშ, რომელიც ჩააბეტონა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“. მათი დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, რომ „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი გაუჩინოს გარკვეულ ადამიანებს და ამით, ხელი შეუშალოს ერთიანობის ჩამოყალიბებას. არადა, ბიძინა ივანიშვილმაც იცის, კობახიძემაც, რომ დიდი ერთიანობა მათ ანადგურებთ. როდესაც იძახიან, ყველა „ნაციონალური მოძრაობაა“, შემდეგ გამოვა ვიღაც პოლიტიკოსი აქეთა მხრიდან და იტყვის: ხომ ხედავთ, მათ უნდათ, ყველა გავერთიანდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაგვიძახონ. ამ კომპლექსით აცხოვრებენ ადამიანს და ქმნიან იმას, რომ არ ერთიანდება აქეთა ფლანგი. რაც მალე გათავისუფლდებიან ამ კომპლექსისგან, რომელიც მათ შეუქმნა „ქართულმა ოცნებამ“, მით მალე წავალთ გამარჯვების მიმართულებით“, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გარშემო ოპოზიციის კოორდინაციას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს შესაძლებლობა აქვს, გამაერთიანებლის როლი შეასრულოს.
გარდა ამისა, ვაშაძემ უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში მიიღებს მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და აღნიშნა, რომ საერთო პოზიციით, „თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს“.
0
0