
„როდის იყო ბატონი ზელენსკი გულწრფელი, 2009 წელს სცენაზე, რომ გამოდიოდა და სააკაშვილს რუსების გასართობად და გასახარებლად დასცინოდა თუ ახლა როდესაც მის როგორც უკრაინის მოქალაქის დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებით იმუქრება?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს:
„დიდი განსაცდელი ტრიალებს უკრაინის თავს, ომია უკრაინაში, აგერ უკვე რამდენი ხანია რუსეთი ეომება უკრაინას, იხოცება ხალხი, განადგურებულია ქალაქები, ინფრასტრუქტურა, მილიონობით ადამიანმა დატოვა თავისი სამშობლო...ბევრი საქართველოშიც ჩამოვიდა...თუ როდის დამთავრდება ომი, ჯერჯერობით არავინ იცის და გაგრძელდება მანამ სანამ თავის დროზე ორი ყველაზე მოძმე ხალხი უკრაინელები და რუსები ერთმანეთს უფრო მეტად არ დახოცავენ...
ამ დროს კი გამოდის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და აცხადებს სანამ ჩვენს მოქალაქეს სააკაშვილს უკრაინაში არ დააბრუნებთ, მანამდე საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინაო...
ეს იმ ქვეყნის ელჩზე ამბობს, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებშიც არ მიუტოვებია კიევი, იმ ქვეყნის ელჩზე, რომლის ქვეყანამ უამრავი უკრაინიდან გამოქცეული ოჯახი შეიფარა, უამრავი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, ყველა საერთაშორისო ფორუმზე უკრაინას დაუჭერი მხარი...
კარგით, თავს ვიკავებ და თითქოს მეტი არაფრის თქმა არ მინდოდა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტზე, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომდის, მაინც მიტრიალებს ორიოდე შეკითხვა: როდის იყო ბატონი ზელენსკი გულწრფელი, 2009 წელს სცენაზე, რომ გამოდიოდა და სააკაშვილს რუსების გასართობად და გასახარებლად დასცინოდა თუ ახლა როდესაც მის როგორც უკრაინის მოქალაქის დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებით იმუქრება?
არც ის იქნებოდა ურიგო თუ იმასაც იტყოდა რატომ და რა მიზნით შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში, ნუთუ არ იცოდნენ უამრავ დანაშაულში ბრალდებულს დაჭერის შემთხვევაში ციხე ელოდა? თუ სააკაშვილის გამარჯვების იმედი ჰქონდათ? თუ პირიქით ოღონდ იქ არ ყოფილიყო და სადაც უნდოდა წასულიყო?
ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს რა უყოთ, რომელიც არაფრით არ ამართლებს სააკაშვილს? თუ ევროინტეგრაციის მოსურნე უკრაინის პრეზიდენტს ეს სასამართლო აქაური რადიკალების მსგავსად პრორუსული ჰგონია?
ომშია უკრაინა და ნამდვილად არ მინდ კიდევ დავსვა ის კითხვები, რასაც იმსახურებენ, თუმცა ერთიც მართლა მაინტერესებს ამ გაგანია ომში სააკაშვილი რამ გაგახსენათ, რაში გჭირდებათ, ეს არის ის, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ომში გამარჯვებისთვის? ...მე კი ვხდები, მაგრამ აქაც თავს შევიკავებ, მაგრამ იმასაც უნდა მიხვდეს ბატონი ზელენსკი, რომ ჩემსავით და ჩემზე უფრო კარგად ძალიან ბევრი ხვდება რაშიც არის საქმე.“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.
0
0