
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის უწყებათაშორისი დანაყოფის წევრ საბაჟო დეპარტამენტის 10 თანამშრომელს სამსახურის მიერ, დაწესებული მადლობის სიგელები გადასცეს და სახელმწიფო სპეციალური წოდებები ვადამდე ადრე მიანიჭეს.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, მგზავრთა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის მიერ, 50 მილიონზე მეტი ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთ გამოსვლებში, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს უწყებათაშორისი დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას და მასში ჩართულ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.
აღნიშნული უწყებათაშორისი დანაყოფი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და კონტეინერთა კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
დანაყოფის წევრები ერთდროულად ახორციელებენ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გზით გადაადგილებული ტვირთების კოორდინირებულ კონტროლს.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი დანაყოფი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესშიც. ჯგუფის მონაწილეობით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ამოღებულია 570 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 3 კილოგრამამდე „კოკაინი“. ამასთან, სამართალდარღვევის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში.
0
0