28/04/2023
16:16
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა დანარჩენი პარტია ერთსა და სამ პროცენტს შორისაა. ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს ფასეულობებთან ახლოს მყოფი მოქალაქეების დარწმუნების საქმეში, რომ ისინი მოვიდნენ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ მხარდაჭერაში ასახონ.
„IRI-ის კვლევა აჩვენებს სურათს, რაც მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ თუ აქტიურმა მოქალაქემ ვითარების განსჯისთვის ინსტრუმენტად მივიღოთ. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდა დამარცხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ვითარება ისეა გადატეხილი, რომ მავნებლურმა რეჟიმმა სიტუაციის მანიპულირება ვერ შეძლოს. მნიშვნელოვანია, განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ მხარდაჭერაში ასახონ. აქ არის ყველა პოლიტიკური ძალის აშკარა გამოწვევა. ერთი ბრენდის – „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა დანარჩენი ერთსა და სამ პროცენტს შორისაა. ეს ნიშნავს, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს ფასეულობებთან ახლოს მყოფი მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ძალას, რომელიც მათ ღირებულებებთანაა ახლოს, შემდეგ დაიცვან თავიანთი არჩევანი. ავტორიტარული რეჟიმების დასამარცხებლად აუცილებელია დიდი უპირატესობის მოპოვება – მთლიანად ალტერნატივისა და ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ერთ ბლოკში გაერთიანება. 2003 წელს, როცა იმ ტიპის გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციამ, რასაც შემდეგ დასჭირდა ხუთი ფარი, გაყალბების მცდელობა, ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია. არანაირი ერთი ბლოკი არ იყო, იყო 4-5 ძლიერი პოლიტიკური ერთეული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას აზრით, ყოველთვის მნიშვნელოვანია, გაერთიანება საერთო ფასეულობების გათვალისწინებით ხდებოდეს.
„უნდა გავითვალისწინოთ მაგალითები ევროპაში. მაგალითად, უნგრეთში გაერთიანდა ოპოზიცია, ურთიერთგამომრიცხავი ძალები და წინააღმდეგობის შედეგად ხმები დაკარგეს, კი არ მოიპოვეს. ამიტომ, გაერთიანებები პრაგმატულიც უნდა იყოს – ყოველთვის მნიშვნელოვანია ფასეულობებით ახლოს მყოფი პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება და გასაგები იყოს ამომრჩევლისთვის, რაზე ერთიანდებიან. ეს ყველაფერი უბრალოდ, მექანიკურად თუ ჩაყარე ერთ ყულაბაში, პირიქით, ივანიშვილის პროპაგანდას მივცემთ შესაძლებლობას, ამომრჩევლების ნაწილის დემოტივაცია მოახდინოს“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, დემოკრატიულად შეცვალოს რეჟიმი, იმის მიუხედავად, მისცემენ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსს.
„კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, საზოგადოების განწყობა თუ არის, ვადამდელი არჩევნები იყოს, ამის მომხრე ისედაც ვარ, ოღონდ ზოგჯერ ეს მოწოდება იმედგაცრუების მომტანია. არჩევნები როცა მოდის 2024 წლის შემოდგომაზე, იმ ზღვარზე მაინც უნდა ვიყოთ მზად. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ეს რეჟიმი დემოკრატიულად შევცვალოთ იმის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ – არა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
0
0