17/10/2022
16:11
მსოფლიო
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) შეშფოთებულია „შოკისმომგვრელი ინფორმაციით“ საბერძნეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე ნაპოვნი 92 გაშიშვლებული მიგრანტის შესახებ.
„ჩვენ ვგმობთ ასეთ სასტიკ და ღირსებისშემლახველ მოპყრობას და შესაბამის უწყებებს ამ ინციდენტის სრული გამოძიებისკენ მოვუწოდებთ“, - წერს UNHCR-ი Twitter-ზე.
შაბათს, საბერძნეთის ხელისუფლებამ თურქეთის ჩრდილოეთ საზღვართან 92 შიშველი ლტოლვილი იპოვა. საბერძნეთის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით ანკარა დაადანაშაულა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისმაილ კატაკლიმ ინციდენტში თურქული მხარის მონაწილეობა უარყო.
„თურქული მხარის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა დადასტურდა. თქვენ, უბრალოდ, საკუთარი სისასტიკის გამომჟღავნებას ისე ცდილობთ, თითქოსდა ეს დანაშაული თურქეთმა ჩაიდინა“, - წერს კატაკლი Twitter-ზე, საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის ნოტის მიტარაჩის საპასუხოდ. კატაკლიმ საბერძნეთს "მანიპულაციური და არაკეთილსინდისიერი ქმედებების" შეწყვეტისკენ მოუწოდა.
როგორც საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა ტაკის თეოდორიკაკოსმა კვირას განაცხადა, ლტოლვილები საბერძნეთში თურქეთის სამხედრო პოლიციამ წაიყვანა. ”თურქეთის მთავრობის მხრიდან ახსნა-განმარტებას ველოდებით. ათენის მთავრობა მალე გააგრძელებს თურქეთის საზღვართან 40 კმ-იანი ბარიერის აღმართვას, რათა ხელი შევუშალოთ ქვეყანაში მიგრანტთა ამ გზით შემოსვლას,” - განუცხადა მან ბერძნულ ტელევიზიას.
საბერძნეთის ხელისუფლება თურქულ მხარეს მოუწოდებს, პატივი სცეს 2016 წელს ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით ევროს ოდენობის დახმარების სანაცვლოდ, ანკარა დათანხმდა ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტთა ნაკადის შეკავებას. თურქეთი აცხადებს, რომ მან გააძლიერა ზომები ადამიანთა უკანონო მიგრაციის თავიდან ასაცილებლად.
0
0