
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, პანელურ დისკუსიაში – „გლობალური ვაჭრობის განახლება“ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელმა მდივანმა, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, არმიდა სალსია ალისჯაბანამ.
„მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, როგორც ორგანიზატორს, რომ ამ ფორუმზე გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. საქართველო ESCAP-ს რეგიონული წევრია, მისი გამოცდილება ცხადად გვაჩვენებს მიღებულ შედეგებს. ჩვენ ჩვენს როლს ვასრულებთ რეგიონის ქვეყნებს შორის როგორც ენერგოკავშირების, ასევე საინვესტიციო კავშირების უზრუნველყოფაში. გლობალური ვაჭრობა ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის, ამის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ სამომავლო განვითარებაზე, ინკლუზიურობასა და მედეგობაზე. ქვეყნები რეგიონულ მრავალმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ, რათა ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობები მიეცეთ“, – აღნიშნა ალისჯაბანამ.
ამასთან, მისივე თქმით, თანამედროვე სავაჭრო შეთანხმებები სცდება ტარიფების შემცირებას, რაც აუმჯობესებს სტანდარტებს და ხელს უწყობს ციფრულ და მდგრად ეკონომიკებს. მას შეუძლია ხელი შეუწყოს რეფორმებს, გლობალურ და რეგიონული მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
„გლობალურმა გადაწყობამ ასევე გამოიწვია ეროვნული სავაჭრო სისტემების მოდერნიზება, სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, განსაკუთრებით, გაციფრულების მხრივ“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1
0