
ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის დაწყებიდან ირანში სულ მცირე 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს და ათასობით კი დააკავეს, - ამის შესახებ აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21-დან სულ მცირე 9 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, 10 - ოპოზიციური ჯგუფების წევრობისთვის, ორი კი -ჯაშუშობის ბრალდებით.
„შეძრწუნებული ვარ, რომ კონფლიქტის ისედაც მძიმე შედეგების გარდა, ირანელ ხალხს ხელისუფლება, მკაცრი და სასტიკი მეთოდებით, უფლებებს ართმევს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეაჩეროს ყველა შემდგომი სიკვდილით დასჯა, დააწესოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე, სრულად უზრუნველყოს სათანადო პროცესისა და სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანში, სავარაუდოდ, 4 000-ზე მეტი პირი დააკავეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით.
„ბევრი დაკავებული გაუჩინარდა, აწამეს ან სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. ათობით პატიმარი, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ნასრინ სოტუდეჰი, უცნობ ადგილას გადაიყვანეს და მათი ბედის შესახებ ინფორმაცია უცნობია“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
0
0