06/04/2024
15:51
ეკონომიკა
საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი, - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა“, ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ფასებთან დაკავშირებული მდგომარეობა სტაბილურია.
ასევე მისი განცხადებითვე, სტაბილურობა მსოფლიოშიც ნარჩუნდება, ვინაიდან ხორბლის ჭარბი მოსავლიანობის ვარაუდი არსებობს.
„ქვეყანაში, ბოლო თვეების განმავლობაში, ხორბლის ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია. საკმაოდ მაღალი მარაგები გვაქვს, ვინაიდან სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი. ადგილზე ასევე არის გარკვეული რაოდენობის ქართული ხორბალიც და სტაბილურობაც შენარჩუნებულია. მსოფლიო ბაზარზეც იგივე მდგომარეობაა, მოსავლის რაოდენობა არის ჭარბი, მაგალითად რუსეთში. გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანალიტიკაც, საიდანაც ვიგებთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც მსოფლიოს ხორბალს აწვდიან, გარკვეული მარაგები არსებობს და მოსავლიანობის მოლოდინიც აქვთ“, - აცხადებს სილაგავა.
ლევან სილაგავას ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია, ვინაიდან რუსული ხორბლის ფასი რეგიონის მასშტაბით დაბალია და პროდუქტის ტრანსპორტირებაც ადვილია.
„საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია იმიტომ, რომ ხორბალზე ფასი ყველაზე იაფი აქვთ და ლოჯისტიკურადაც ყველაზე ახლოს არიან ჩვენთან. რუსეთიდან ხორბალს, არა მარტო ჩვენ არამედ ლიტვაც და სხვა ევროკავშირის ქვეყნებიც ყიდულობენ, საერთო ჯამში 130 ქვეყნამდე. გვინდა ჩვენ თუ არა, რუსეთი ხორბლის პირველი ექსპორტიორია, ვინაიდან ჰუმანიტარული ტვირთია და მასზე სანქციები არ ვრცელდება“, - განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“.
მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ლოჯისტიკური გადალაგება გამოიწვია და სხვადასხვა ქვეყნებმა სასურსათო უსაფრთხოებაზე დაიწყეს ზრუნვა.
„რაც, რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გადალაგდა ლოჯისტიკები და მარაგები და სხვადასხვა, ქვეყნებმა გაიაზრეს თავიანთი სასურსათო უსაფრთხოების თემა. ეს პროცესები მსოფლიოში და ჩვენთანაც მიმდინარეობს. უკრაინულმა იაფმა ხორბალმა მნიშვნელოვნად დააზარალა ევროკავშირში მყოფი ფერმერები, სახელმწიფოებმა, გარკვეული, საპირწონე გადაწყვეტილებები მიიღეს. მსოფლიოში სხვადასხვა მექანიზმები ყალიბდება, სხვადასხვა ქვეყნების მიერ, რომელიც ადგილობრივი ფერმერების, იმპორტირებული პროდუქტის და სასურსათო უსაფრთხოების საკითხს დააბალანსებს. მარაგების არსებობა, არის ის თემა, რომელიც 100%-ით აზღვევს ხორბლის იმპორტის შეწყვეტას. მარაგების თემა მიბმულია წისქვილების სტაბილურ მუშობასთან, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში 1 თვის სამყოფი ხორბალი არის, მეორე ნაკადი 2 კვირის განმავლობაში ჩამოვა და კიდევ დამატებით ახალი კონტრაქტების დადება მიმდინარეობს“, - განაცხადა „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა" ლევან სილაგავამ.
0
0
რუსთავი-გაჩიანის გზასთან ხანძარია
24/11/2024