
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის არსებობს პროექტის სახით, არასწორია მისი სრულყოფილად შეფასება და იმ მოლოდინების გაჩენა, რასაც, სამწუხაროდ, კომისია ცდილობს, იმიტომ, რომ ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, სადაც ნებისმიერი შედეგი და ნებისმიერი დასკვნა შეიძლება შეიცვალოს, თუ მისი მიმღები სუბიექტი დაინტერესებულია, რომ ეს პროცესი წარმართოს ობიექტურად, კანონის მოთხოვნათა დაცვით და ეს პროცესი არ იყოს ფორმალური, - ამის შესახებ „მაგთის“ იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რითაც კომუნიკაციების კომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.
გიორგაძის თქმით, სამწუხაროდ, კომისიის პიარაქტივობები ამ მიმართულებით ერთადერთ ფაქტს ადასტურებს, რომ ის ამ წარმოებას ფორმალურად ატარებს. მისივე განმარტებით, „მაგთიკომი“ თავისი საბაზრო წილის მიუხედავად არ ფლობს ერთპიროვნულ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას.
„მის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების პროექტი არ შეიცვლება და ეს არის ძალიან სამწუხარო და ცუდი ფაქტი დარგისთვის. ახლა რატომ არის ეს მიდგომა არასწორი და რატომ არის კომისიის გადაწყვეტილება არასათანადოდ დასაბუთებული და არასწორი: ჩვენ ამ წარმოების ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კომპანიების კონსულტანტების დასკვნები წარვადგინეთ, სადაც ისინი კომისიას უმტკიცებენ, რომ მის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი არ არის დასაბუთებული და იქ ასახული პოტენციური სიკეთეები, რასაც კომისია თვლის, არ დადგება. პირიქით, ეს იქნება დარგისთვის დამაზიანებელი, ინვესტიციების განხორციელება შეფერხდება და ტექნოლოგიური განვითარებაც ამ დარგში შეფერხდება. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომისიას, რომ ჯერ კიდევ არის დრო ამ წარმოების ფარგლებში, რომ მან მოუსმინოს კვალიფიციურ ექსპერტებს და გადაწყვეტილება მიიღოს სწორი ანალიზის საფუძველზე და არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მას არჩეული აქვს, რომ დასაჯოს წარმატებული კომპანია „მაგთიკომი“, ვინაიდან მთლიანი გადაწყვეტილების პროექტი აგებულია იმაზე, „მაგთიკომი“ არის წარმატებული და ის უნდა დაისაჯოს, რაც არ არის სწორი, ყველაზე რბილად რომ შევაფასოთ კომისიის ქმედება“, - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიის ამგვარი ჩარევის შედეგად, შესაძლოა კონკურენცია არათუ განვითარდეს, არამედ კონკურენციის ხარისხი ბაზარზე გაუარესდეს.
„ციფრები სწორია, მაგრამ ცალკე მდგომი ციფრი არაფერს ნიშნავს. ციფრი უნდა იყოს პრობლემა, ანუ ამ ციფრიდან გამომდინარე ბაზარზე უნდა არსებობდეს ისეთი გამოწვევები, რომლის მოგვარებაც აუცილებელი იქნება შესაბამისი მარეგულირებელი ჩარევით. მარეგულირებელი ჩარევაც უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დოზით უნდა მოხდეს ჩარევა, რომ რა მიზანიც გაქვს, რომ ინვესტიციები უფრო მეტი იყოს, ტექნოლოგიურად განვითარდეს და კონკურენციის ხარისხი გაიზარდოს, მას ხელი არ უნდა შეეშალოს შენი ჩარევის შედეგად. შენ თუ ერევი დარგში და არეგულირებ იმ ფორმით, რომ საპირისპირო შედეგს იღებ, შენ შეიძლება გეგონოს, რომ სწორ ნაბიჯებს დგამ, მაგრამ მიიღო უკუშედეგი. ანუ, კონკურენცია კი არ განვითარდეს კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, არამედ კონკურენციის ხარისხი ამ ბაზარზე გაუარესდეს. როდესაც კომისია ერევა ამ ნაწილში, მას უნდა ჰქონდეს იდენტიფიცირებული კონკრეტული პრობლემები. რა პრობლემებზეც ის აპელირებს, ეს პრობლემები არ არის დასაბუთებული. ანუ, ეს არის ყველა ძირითადად, მოგონილი და ხელოვნური პრობლემა. შესაბამისად, ხელოვნური პრობლემის მოგვარება ვერ იქნება ეფექტური და ბაზარზე კონკურენცია არის. გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ მომხმარებლისთვის, „მაგთიკომი“ თავისი საბაზრო წილის მიუხედავად, არ ფლობს ერთპიროვნულ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, რაც შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ მისი ქცევა დამოუკიდებელი ვერ არის მომხმარებლისა და კონკურენტების ქცევის. ბაზარზე არის არაერთი წამატებული კომპანია, ფიქსირებულ ინტერნეტბაზარს ვგულისხმობ, რომელიც ეფექტურ კონკურენციას უწევს „მაგთიკომს“. უფრო მეტიც, რამდენიმე დიდ ქალაქში „მაგთიკომი“ არ არის ბაზრის ლიდერი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია არსებობს, ანუ მოსახლეობის პროცენტული მოცვა რომ ნახოთ ამ ქალაქების მიხედვით, კონკურენცია საკმაოდ ეფექტურია. ის ჩარევა, რაც კომისიამ შეარჩია, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის გამოყენებული, უპრეცედენტოდ მძიმეა და მას ანალოგი არ გააჩნია.
კომისიამ ჩათვალა, რომ რაღაც პრობლემა არსებობს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის მოგონილი პრობლემა და ცდილობს მის მოგვარებას. ანუ, არავინ არაფერს გვთავაზობს. მან თქვა, რომ მე პრობლემა უნდა მოვაგვარო ისეთი ფორმებით, რომლის ანალოგიც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, რაც აპრიორი ნიშნავს, რომ ის თავის ფუნქციებს არაეფექტურად იყენებს და მის მიერ ამ ფორმით თავისი ფუნქციების განხორციელება ამ ბაზარს დააზიანებს და პირიქით, რა მიზნების მიღწევაც უნდა, უკუშედეგი დადგება“, - განაცხადა ლევან გიორგაძემ.
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025