28/07/2022
15:21
პოლიტიკა
გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, საფრთხე არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და მასზე აშშ-ის ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.
„სწორედ გუშინდელი წერილიდან, დღევანდელი ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ იმ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური სახე მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც სწორედ იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი“, - აცხადებს სუბარი.
საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ, გუშინ, 27 ივლისს, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დღეს, გურამ მაჭარაშვილმა, „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ განაცხადა. ის სუბარის, ხუნდაძის და ყაველაშვილის გუნდს შეუერთდება.
0
0