30/05/2023
17:25
სამართალი
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სასაზღვრო ზონაში, გუშინ საქართველოს ერთ-ერთმა მესაზღვრემ უმისამართოდ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ერთ-ერთი თვითმხილველის, ნანუკა ავლიანის განცხადებით, რომელიც გასროლის დროს კარავში იმყოფებოდა, მომხდარს დეტალურად იხსენებს. მისი თქმით, მესაზღვრე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ორივე კოტეჯი და კარვები ხალხით იყო სავსე, თუმცა გარეთ გამოსვლა ვერ შეძლეს.
“თავდაპირველად ჰაერში, მდინარის მიმართულებით გაისროლა, ხოლო მეორე გასროლა რომ დააპირა, გადატენა და თავთან დაიდო იარაღი, დიდი ლბათობით შეშინება უნდოდა… რომ დალია [ალკოჰოლური სასმელი] ალბათ მაშინ გაახსენდა, რომ საქართველო ოკუპირებულია, რუსეთი ოკუპანტია და რომ აფხაზეთი საქართველოა. მაქსიმუმ 60 ადამიანი იქნებოდა იქ განთავსებულ კარვებში", აცხადებს ავალიანი.
მისივე ინფორმაციით, გასროლა მოხდა მხოლოდ ერთხელ. კარვებში იმყოფებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები.
გუშინვე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 28 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს".
0
0