
გადასული ვართ პარტიულად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატების შერჩევის პროცესზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში მერობის უპარტიო კანდიდატის შერჩევას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძე იმედოვნებს, რომ მათ ამ პროცესში „ლელოც“ შეუერთდება.
„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ვემზადებით არჩევნებისთვის, არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი გზა და ამ გზაზე უარს არ ვამბობთ. შესაბამისად, „ლელოს“ გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერას იმსახურებს. ძალიან კარგია, რომ მათ გაუძლეს მთელ ამ პერიპეტიებს და გონივრული, პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ეს ეტაპი დიდი ხანია, გავლილი გვაქვს და პირველივე დღიდან ვემზადებით არჩევნებისთვის. ასევე ისიც იცით, რომ გადასული ვართ პარტიულად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატების შერჩევის პროცესზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში მერობის უპარტიო კანდიდატის შერჩევას. დიდი იმედი გვაქვს, ამ პროცესში „ლელოც“ შემოგვიერთდება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამასთან, გიორგი შარაშიძეს კითხვა დაუსვეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „ლელოს“ მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაზე, რაზეც შარაშიძემ აღნიშნა:
„გავმიჯნოთ, ერთია, „ლელოს„ რა რეაგირება აქვს „ნაცების„ კრიტიკაზე და მეორე, ჩვენ რა რეაგირება გვაქვს. ჩვენით დავიწყოთ, კარგად იცით, რომ „ნაცებს„ და მათ განაყოფებს, მათ მოსაზრებას, ბულინგს, შორიდან შემოთვლებს და მათი ჩვეული სტილით მუქარანარევ განცხადებებს, ნებისმიერ მათ ქმედებას არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. რაც მალე დარწმუნდებიან ამაში, მით უკეთესი მათთვის. უფრო სწორად, ძალიან კარგადაც იციან, მაგრამ მოქმედების სხვა ტაქტიკა არ იციან, დღემდე აგრძელებენ საკუთარი წესით მოქმედებას, რაც ჩვენზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ამას კარგად ხედავს საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება „ლელოს“, „ლელოს“ შიდა პროცესები ჩვენი შესაფასებელი არ არის. გასაგებია, რომ იქაც არიან ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ ბულინგს, მაგრამ კარგია, რომ პარტიაში უმრავლესობა ერთ პოზუციაზე დგას. არ მგონია, მათთვის რამე პრობლემას წარმოადგენდეს რამდენიმე წევრის დატოვება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ ეს ადამიანები“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, „რა შეფასებას გააკეთებთ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე, რომ გახარიას პარტია და „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახლების“ ჩანაცვლებას აპირებს“, შარაშიძემ უპასუხა:
„ჩვენი პასუხი იქნება ყველაზე მოკლე, რაც კი არსებობს – „ქოცებო“, თქვენ „ნაცებო“. სხვის განცხადებაზე ნუ საუბრობენ, ჯერ იმაზე ისაუბრონ, თვითონ როგორ ჩაენაცვლნენ „ნაცებს“ და შემდეგ გადაწვდნენ სხვებს, მით უფრო ჩვენ. თვითონ „განაცდნენ“, ყველა კარგად ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში, ფაქტობრივად, არაფრით არ არის განსხვავებული იმ რეჟიმისგან, რაც შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ თავად „ოცნების“ წევრების ლამის უმრავლესობა ყოფილი „ნაცები“ და „გაქოცებული“ „ნაცები“ არიან. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მეთოდებს შეხედეთ, ქვეყანას როგორ მართავენ, რა ხდება ქვეყანაში, რამდენად დიდი ქაოსია, როგორ ინაწილებენ კრიმინალური გარჩევებით, კრიმინალური გზებით კორუფციულ ფულს და ვის „ნაცობაზე“ ლაპარაკობენ? ჩვენ კი არ ჩავანაცვლეთ „ნაციონალური მოძრაობა“, „ოცნებამ“ ჩაანაცვლა „ნაციონალური მოძრაობა“ და დიდი ხანია, „განაცებულია“. კარგად ვხედავთ და ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთზე უარესები არიან. შეხედეთ, რა ხდება ქვეყანაში და კარგად მიხვდებით, რომ რასაც ვსაუბრობ, ასეა, არაფრით აღარ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ერთმანეთზე უარესები არიან. „განაცებული“ „ოცნება“ ახლა ჩვენ გველაპარაკება, თითქოს ჩვენ ჩავანაცვლეთ „ნაციონალური მოძრაობა“? რა აბსურდია, ვის ჩანაცვლებაზეა საუბარი. ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, თავიდანვე, პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ვაპირებთ „ოცნების“ დამარცხებას. გამოვიდნენ, ეყოთ გამბედაობა და აღიარონ, რომ ეშინიათ“.
0
0