
უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ რისი გაკეთება შეეძლო ევროპას სხვაგვარად საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სტატიაში, „გაფართოების ოცნების დასასრული?“ წერს.
„ყოველდღე, 237 დღის განმავლობაში, ამინდის მიუხედავად, ქართველი ხალხი მათი ოდესღაც დემოკრატიული და კვლავ პროდასავლური ქვეყნის ძალაუფლების მიტაცებას აპროტესტებს. რუსთაველის ქუჩაზე შეკრება სულ უფრო და უფრო რთულდება, მაგრამ ისინი მაინც იკრიბებიან. თუმცა, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ მთავრობა უქმად არ ზის. თავდაპირველად დემონსტრანტების ჯგუფი დააპატიმრეს და ზოგიერთს მრავალწლიანი პატიმრობაც კი შეუფარდეს. მას შემდეგ, რაც დაპატიმრებებმა პროტესტი ვერ შეაჩერა, მთავრობამ დემონსტრანტებს ჯარიმები დაუწესა. ისეთი შეგრძნებაა, რომ ქვეყანაში სიჩუმე დგება. ოდესღაც აქტიური ქვეყანა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიით, ინტელექტუალებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით, ახლა ცენტრალური აზიის რესპუბლიკას ჰგავს და არა იმას რაც ერთ დროს იყო: ევროკავშირის წევრობის კანდიდატი“, - წერს ლანდსბერგისი.
ლანდსბერგისი აღნიშნავს, რომ „თავდაპირველად, საქართველოსა და ევროპაში ბევრს სჯეროდა, რომ განსხვავებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იყო ევროპით დაინტერესებული“.
„თუმცა, ახლა არჩევნები წარმომადგენლობითი აღარ არის. დიდი რაოდენობით სერიოზული დარღვევები შეუძლებელს ხდის იმის მტკიცებას, რომ ქართველ ხალხს არჩევანის უფლება ეძლევა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი შემოდგომაზე დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“, - აღნიშნავს ლანდსბერგისი.
მისი თქმით, „უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ რისი გაკეთება შეეძლო ევროპას სხვაგვარად?“.
„ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, შარლ მიშელი ცდილობდა „ქართული ოცნებისთვის“ დიპლომატიური გამოსავალი მოეძებნა. კანონების შეცვლისა და უკუსვლის შეჩერების შემთხვევაში ბრიუსელი კარს უფრო ფართოდ გააღებდა. მიშელის შემდეგ ევროპის ინტერესი, როგორც ჩანს, გაქრა. არანაირი ახალი ინიციატივები არ გაჩენილა. რომ არა ევროპარლამენტის გაცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროპის გეოპოლიტიკური გავლენა საერთოდ ჩამოშორდა“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
ლანდბერგისი წერს, რომ „ქართველ ხალხი ახლა გრძნობს, რომ ევროპამ ზურგი არა მათ მთავრობას, არამედ თავად მათ აქცია. ქართველებს ჯერ კიდევ ახსოვთ 2008 წლის განწყობა, როდესაც საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის ნაწილი ნამდვილად ხდებოდა. ახლა ისინი თავს მოტყუებულად და მიტოვებულად გრძნობენ“.
„რა ფასი აქვს სინამდვილეში „კანდიდატის სტატუსს“, თუ დემოკრატიის ჩახშობას ბრიუსელში გავლენის მოხდენა არ შეუძლია? ჩნდება კითხვა, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ფარსია და გაფართოება რეალური არ არის. ევროპას სურს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გაფართოებისთვის ემზადება, რეალურად კი გაფართოების შესახებ დაპირებას ფუჭად იყენებს. გაფართოების მიმართ რეალისტური მიდგომა მხოლოდ „ძალიან შეშფოთებული“ „ტვიტის“ დროდადრო დაწერას არ ნიშნავს. ეს პროგრესის დროს მკაფიო პოზიციის დაჭერას ნიშნავს, ვადების დადგენასა და ევროპული ვალდებულებების აღებას ნიშნავს, რომ კანდიდატები წევრები გახდნენ. ასევე, ეს უკუსვლის შემთხვევაში მოქმედებას ნიშნავს“, - აღნიშნავს ლანდსბერგისი.
0
0