
კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის ვაჟებმა როდრიგო და გონსალო გარსიებმა მისი უკვე დასრულებული რომანი, სახელწოდებით "აგვისტომდე", გამოაქვეყნეს. თუმცა, როგორც მწერლის ვაჟებმა წიგნის შესავალში აღნიშნეს, გარსია მარკესს არ სურდა ამ ნაწარმოების გამოქვეყნება. "ეს წიგნი არ არის მნიშვნელოვანი... უნდა განადგურდეს", - იხსენებენ ძმები მამის აზრს, რომელიც მათ სიკვდილამდე გაუზიარა.
აღნიშნულ წიგნში გარსია მარკესის ვაჟები აღიარებენ, რომ მისი გამოქვეყნება მამისადმი "ღალატი" იყო. თუმცა, 6 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გონსალო გარსიამ განაცხადა, რომ რომანის სხვადასხვა მონახაზში არაფერი დამატებულა.
”ეს ნაწარმოები არ არის ისეთი დახვეწილი, როგორც მისი უდიდესი წიგნებია, თუმცა, როგორც პროლოგში ავღნიშნეთ, რომანში ნამდვილად ჩანს (მწერლის) მრავალი გამორჩეული მახასიათებელი: ლამაზი პროზა, ადამიანის შეცნობისა და აღწერის უნარი,” - თქვა გონსალო გარსიამ.
ძმებმა წიგნი მადრიდის სერვანტესის ინსტიტუტში წარადგინეს. გარსია მარკესი რომანზე, დემენციით დაავადებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც როდრიგო და გონსალო გარსიებმა განაცხადეს, მეხსიერების დაკარგვამ ავტორს საკუთარი ნაწარმოებების მნიშვნელოვნობის მიმართ რწმენა შუარყია.
”ის არასოდეს ინახავდა გამოუქვეყნებელ წიგნებს. ყოველი წიგნი, რომელიც თავად არ მოსწონდა და არ დაასრულა, გაანადგურა. ამიტომ, ის ფაქტი, რომ [ ავტორმა] ამჯერად არ გაანადგურა ეს წიგნი, ვფიქრობ, ასევე იმის მანიშნებელია, რომ ის გაურკვეველ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. სრულ გონებაზე მყოფი გაბო (როგორც სიყვარულით ეძახდნენ გარსია მარკესს) ან დაასრულებდა წიგნს, ან გაანადგურებდა”, - თქვა როდრიგო გარსიამ.
გარსია მარკესის ვაჟებმა დაადასტურეს, რომ მწერლის სხვა დაუმთავრებელი რომანი არ არსებობს.
„გაბოს სრული ნაწარმოები მისი მკითხველისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია“, - თქვა გონსალომ.
წიგნში "აგვისტომდე", მოქმედება კარიბის ზღვის აუზის ქვეყანაში, გაურკვეველ ადგილას, ხდება. რომანის მთავარი გმირი ანა მაგდალენა ბახი ყოველწლიურად მიემგზავრება კუნძულზე, სადაც დედამისია დაკრძალული. წიგნის გამომცემლის Penguin Random House-ის თანახმად, რომანში აღწერილია ისეთი თემები, როგორებიცაა „თავისუფლებისკენ სწრაფვა, სინანული, თვითტრანსფორმაცია და სიყვარულის საიდუმლოებები."
გაბრიელ გარსია მარკესი 6 მარტს 97 წლის გახდებოდა.
0
0