06/08/2023
22:06
საზოგადოება
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში. ამის შესახებ გეოლოგების მიერ გამოქვეყნებულ პირველად დასკვნაში წერია.
"2023 წლის 01.06-03.08 პერიოდში მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15:15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე დაახლოებით 26 ჰექტარზე (სურ. 7-8-9), სადაც დაფარა აქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი.
ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.
წინასწარი შეფასებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის საორიენტაციო მოცულობა დაახლოებით 5 მლნ. მ3-ს შეადგენს, რომლის უმეტესი ნაწილი შევიდა მდ. ჭანჭახის და მდ. რიონის კალაპოტებში, ხოლო დაახლოებით 1.5 მლნ. მ3 აკუმულირდა სტიქიის ეპიცენტრში და ბუბისწყლის ხეობის ტრანზიტულ ზონაში", - წერია გეოლოგების დასკვნაში.
0
0