28/10/2022
11:14
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap-ი. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები დღეს, 28 ოქტომბერს ისროლა იაპონიის ზღვის მიმართულებით. სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთის მოქმედება სერიოზულ პროვოკაციად შეაფასა. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდა ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს ჩაატარა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება ბირთვული იარაღის გამოცდისთვისაც. 27 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ფხენიანის განზრახვაზე სულ უფრო მეტი ნიშანი მიუთითებს. ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია.
2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ თავი გამოაცხადა ბირთვულ სახელმწიფოდ და მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავდასხმის პრევენციისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას.
შეერთებული შტატების თავდაცვის ეროვნული სტრატეგიით, ამერიკის, ან მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული შეტევა ამ ქვეყნის რეჟიმის დამხობას გამოიწვევს.
0
0