
შეწყალების კომისიას თუ აღადგენს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეს კარგია, მაგრამ მის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი ეკა ბესელიას დანიშნა, კატასტროფა იქნება - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატი ეკა ბესელიას შუბლის ძარღვგაწყვეტილად მოიხსენიებს და პრეზიდენტს დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ეკა ბესელიას დანიშვნა იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
"ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას თუ აღადგენს, იქმნება არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი იყო ამ კომისიის გაუქმება. თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა და რა თქმა უნდა, ერთხელ რომ რაღაცას გემო გაუგებ, მერე სულ გინდა. თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლის ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს ნუ გახვევს, ასეთ შარში ნუ გახვევს ქვეყანას და ნუ გახვევს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს“, - აცხადებს ელისაშვილი.
ინფორმაციისთვის, დღეს, 16 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი ეკა ბესელია დანიშნოს.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიას 2014-2015 წლებში თავმჯდომარეობდა.
0
0