
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ემანუელ ლახანს კითხვით მიმართა, იცოდა თუ არა, რომ სააკაშვილი დაპატიმრებამდე ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა და მიუხედავად ამისა, მაინც მიიჩნევს თუ არა, რომ სააკაშვილი დაპატიმრებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
ემანუელ ლახანის განცხადებით, ადმიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს.
„დიახ, რა თქმა უნდა, მე ასე ვთვლი. მილიონობით ადამიანია, რომლებიც იღებენ ამ ტიპის პრეპარატებს. თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა, თვითმკვლელობის მცდელობა ან მკვლელობა, რასაკვირველია, არა, მაგრამ თუ დეპრესია ექვემდებარება კორექტირებას, მაშინ შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ჯანმრთელი. ადმიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს. ჩემს დასკვნაში, არ მაქვს ჩამოთვლილი არც ერთი მედიკამენტი, რომელსაც, როგორც ამბობთ, დაპატიმრებამდე იღებდა. რასაკვირველია, ეს ფაქტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცი, მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ვთვლი, რომ როდესაც ექიმის მიერ დამტკიცებული წამლებით ხდება დეპრესიის მკურნალობა, ამას მივყავართ გამოჯანმრთელებისკენ“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლახანმა.
მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, კლინიკური დიაგნოზის დასმისთვის მნიშვნელობა აქვს თუ არა ხანგრძლივი ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებას, რაზეც შაჰინ ემანუელ ლახანმა აღნიშნა, რომ პაციენტის შესახებ სრული ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. „სრული ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, მე სრული ისტორია მქონდა“, – განაცხადა ნევროლოგმა.
ამასთან, მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ სააკაშვილი შერეული შფოთვის თუ დეპრესიის გამო ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ, კონიაკს ორ ბოთლამდე, რაზეც ნევროლოგმა განაცხადა:
„ცუდს ვერ ვხედავ ისეთი ალკოჰოლის მოხმარებაში, როგორიც ალკოჰოლია. მოხმარება ნორმის მიღმა არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან ფაქტად ვერ ჩავთვალე, რომ ჩემს დასკვნაში მეხსენებინა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლახანმა.
მალხაზ ურთქმელიძის კითხვაზე, „ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია“, ამერიკელმა ნევროლოგმა აღნიშნა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ეს ნორმალური არ არის.
„სამედიცინო თვალსაზრისით, ცხადია, მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარება ნორმალური არ არის“, – აღნიშნა ამერიკელმა ნევროლოგმა.
0
0