24/01/2025
13:57
საზოგადოება
ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციური ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს სახეზე. ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, მაგრამ ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების გამართულ საპროტესტო მანიფესტს.
ირაკლი კობახიძის თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ მოხდება და ყველას საკუთარი „პროფესიის მიხედვისკენ“ მოუწოდებს.
„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა ჰქონდათ. ხან პარტიებით სცადეს რევოლუცია, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით - საუბარია მედიამენეჯერებზე, ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუცია, მაგრამ ესეც ჩავარდა. ახლა კი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობაა. ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციური ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს სახეზე. ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, მაგრამ ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ მოხდება და ყველამ თავის პროფესიას მიხედოს. ჩვენ ყველას დავეხმარებით და ხელს გავუწვდით, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, რის გამოც გეგმების რეალიზებას ვერ ახორციელებენ.
ასევე, პრემიერი ოპოზიციას ამ წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ბედის ცდისკენ და 2028 წლის არჩევნებისთვის მომზადებისკენაც მოუწოდებს“.
„რეალურად ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებენ ვერცერთი გეგმის რეალიზებას. ისინი ვერც კი ჩნდებიან მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე. გვახსოვს წინასაარჩევნო მთავარი ღონისძიება, რომელიც თავისუფლების მოედანზე ჩატარდა და იქაც ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები.
ახლაც არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და იქაც ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ გეგმას განხორციელება არ უწერია. ეს პირველ რიგში, არის იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. თან ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში მათ მოიგეს არჩევნები და თან ხალხთან გამოჩენისაც რცხვენიათ, ხედავთ რაოდენ აბსურდშია შესული ოპოზიცია.
ვიცით, რაც არის მათი მოთხოვნები - ეს არის რიგგარეშე არჩვები, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ არჩევნები საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში ჩატარდება. მანამდე ყველას ვურჩევ, რომ 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის მოემზადონ. მანამდე კი ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და იქაც სცადონ ბედი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0