
მობილიზაციის ფარგლებში, უკრაინის ომში მონაწილე რუს ჯარისკაცებს მიენიჭებათ უფლება უფასოდ გაყინონ საკუთარი სქესობრივი უჯრედები. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იუწყება.
„რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა ჩანასახოვანი უჯრედების (სპერმატოზოიდების) უფასო კონსერვაციისა და შესანახად იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზებულნი არიან ომში მონაწილეობის მისაღებად 2022-2024 წლებში“ - წერს სააგენტო.
სამომავლოდ, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში, მობილიზებულთა ოჯახის წევრებიც უფასოდ ისარგებლებენ გაყინული ბიომასლით.
სექტემბრის ბოლოს ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაციის დროს, რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ომში, დაახლოებით, 300 000 ადამიანი გამოიძახეს. თუმცა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იყო. ასობით ათასი გაწვეული რუსი მამაკაცი გაიქცა ქვეყნიდან.
მიუხედავად ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლების განცხადებისა, რომ მობილიზაციის ყველა გეგმა დასრულებულია და არ არსებობდა სამხედრო პერსონალის შემდგომი დაკომპლექტების საჭიროება, მობილიზაციის გაუქმების ბრძანება არასოდეს გამოქვეყნებულა. დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა უნდა იყოს მოსალოდნელი უახლოეს თვეებში.
0
0