
რუსეთის მიერ GPS სიგნალის ჩახშობის გამო, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დასვეს, – ამის შესახებ Financial Times წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, GPS სიგნალის ჩახშობის შედეგად, ბულგარეთის აეროპორტში ნავიგაციის სერვისები გაითიშა.
ინციდენტი ჯერ ბულგარეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურმა, შემდეგ კი ევროკომისიამაც დაადასტურეს.
„GPS-ის სიგნალის ჩახშობის მიუხედავად, თვითმფრინავი ბულგარეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ხელისუფლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს რუსეთის ჩარევით იყო გამოწვეული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ და შევეჩვიეთ მუქარასა და დაშინებას, რაც რუსეთის მტრული ქცევის რეგულარული კომპონენტია“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
ამასთან, მედიის ცნობით, კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
Financial Times წერს, რომ ბოლო წლებში ბალტიის ზღვასა და რუსეთთან ახლოს მდებარე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში GPS-ის ჩახშობის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ავიაციას, ისე საზღვაო ნავიგაციას.
მედიის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი იმავე თვითმფრინავით ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად ითვლება.
0
0