
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელმა სირიელმა ლტოლვილებმა სირიის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ, რაშიც მათ ბერლინი დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრმა სირიელმა ლტოლვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიაში, მაგრამ უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება სურს.
მერცის განცხადებით, გერმანიას სურს სირიაში რეკონსტრუქციის პროცესის მხარდაჭერა და დამასკოს მთავრობასთან თანამშრომლობს მათ დასახმარებლად, ვისაც ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აქვს.
„სირიაში ბიზნესების, სკოლების, ბაგა-ბაღებისა და საავადმყოფოების წლების განმავლობაში განადგურების შემდეგ, ისინი ქვეყნის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ რეკონსტრუქციისა და დაბრუნების ამბიციური ერთობლივი სამუშაო პროგრამა, რომელიც ახლა ხორციელდება“, – განაცხადა მერცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ სირია არასდროს დაივიწყებს, როგორ გაუღო კარი გერმანიამ ლტოლვილებს სამოქალაქო ომის დროს და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა აღადგენს პარტნიორობას.
„ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან გერმანიაში, რათა შევქმნათ ცირკულარული მიგრაციის მოდელი, რომელიც სირიელ ნიჭიერ ადამიანებს საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის აღდგენაში“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.
ცნობისთვის, ფრიდრიხ მერცის კოალიციურმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებზე უფრო მკაცრი კონტროლი დააწესა. სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, გერმანიამ დაახლოებით მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო, რომელთა უმეტესობა დღემდე გერმანიაში ცხოვრობს.
0
0