
გერმანია საფრთხის ქვეშ დგას, რომ დაკარგოს ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
ბერლინში ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან საუბრისას, მერცმა თქვა, რომ ახლანდელი გეოპოლიტიკური გარემო იშვიათად ყოფილა ასეთი რთული.
„ჩვენ ვმოქმედებთ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც იშვიათად ყოფილა ისეთი რთული, როგორიც დღეს არის, ყოველგვარი სენტიმენტალიზმის გარეშე, მაგრამ რეალობის აღწერის ნაწილია ის, რომ ამჟამად საფრთხის ქვეშ ვდგავართ, დავკარგოთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი, ყოველ შემთხვევაში იმ სანდოობის თვალსაზრისით, რომელიც აქამდე ვიცოდით, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები.
მე კვლავ ვცდილობ, ყველაფერი დასტაბილურდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით ნატო-ში, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებშიც, თუმცა, თქვენ ხედავთ და გესმით, რამდენად გაურკვეველია ყველაფერი, გუშინდელი დღის ჩათვლით“, – აღნიშნა მერცმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა არ შეწყვიტეს რუსული ნავთობის შესყიდვა და განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს დააწესებს.
0
0