
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ 2025 წელმა გერმანია და მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა.
„ევროპაში საშინელი ომი მძვინვარებს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას. ჩვენი ეკონომიკა ზეწოლის ქვეშაა აუცილებელი რეფორმების, მაღალი ხარჯების და გლობალური სავაჭრო კონფლიქტების გამო. უფრო მეტიც, ახალი ტექნოლოგიები რევოლუციას ახდენს ჩვენს შრომის სამყაროში და ჩვენი ერთად ცხოვრების წესში“, – აღნიშნა მერცმა.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, მისი მთავრობა ფუნდამენტურ მანდატად გერმანიის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლების განახლებას მიიჩნევს.
მერცმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია საფრთხეს ევროპასაც უქმნის.
„სულ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესია მთელი ევროპის წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილია. გერმანია დივერსიებს და კიბერშეტევებს ყოველდღიურად უპირისპირდება. ამავდროულად, ჩვენი პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დიდი ხანია ჩვენი უსაფრთხოების საიმედო გარანტია, იცვლება. ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები ბევრად უფრო ძლიერად უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლად“, – განაცხადა მერცმა.
0
0