
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივები უნდა მიიღოს უკრაინამ და არა შეერთებულმა შტატებმა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერი წინააღმდეგია იდეის, რომ გაყინული რუსული აქტივები აშშ-ს გადაეცეს. მედიის ცნობით, აღნიშნული იდეა განიხილებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწარმოებს.
„ეს ფული უნდა გადაეცეს უკრაინას“, – თქვა ფრიდრიხ მერცმა.
მისივე თქმით, უკრაინას ზამთრის სეზონის გადასატანად დახმარება და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში.
„ამისთვის ჩვენ გვჭირდება სახსრები. ეს არის შიდა ევროპული საკითხი და მე ვერ ვხედავ ვერანაირ ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ეს სახსრები გადავიტანოთ აშშ-ში და ამერიკის მთავრობამ ეს იცის“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, აშშ-ში ზოგიერთს სურს, „მიიღოს გარკვეული ეკონომიკური სარგებელი“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო მოგვარებიდან.
„ეს კანონიერია, მაგრამ ეს არ არის იმ ოპერაციის მიზანი, რომელსაც ერთობლივად დავიწყებთ ევროპაში უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
0
0