10/07/2023
13:06
მსოფლიო
“ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი აჯანყებისა და რუსეთიდან წასვლის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნდა და კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Libération დასავლეთის დაზვერვის უსახელო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, პირველ ივლისს პრიგოჟინი კრემლში ვაფნერის მთავარ მეთაურებთან ერთად დაიბარეს, სადაც, პუტინის გარდა, შეხვდა რუსეთის გვარდიის უფროსს ვიქტორ ზოლოტოვს და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა. შესაძლო შეხვედრების დეტალები არ არის მოცემული.
ვაგნერის აჯანყების შემდეგ, როდესაც პრიგოჟინის ნაწილებმა დაიპყრეს ერთი და გადაკეტეს მეორე ქალაქი, სადაც მილიონი მოსახლე იყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაგნერის დამფუძნებელი ბელარუსიში იცხოვრებდა. თუმცა მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი პეტერბურგში ნახეს. ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
მოსკოვს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მეორე დღეს განაცხადა, რომ კრემლი არ აკონტროლებს პრიგოჟინის მოძრაობას. ბიზნესმენის წინააღმდეგ აჯანყების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დაიხურა, ის არც ძებნაში იყო და არც დაუსწრებლად დააკავეს.
0
0