"არა რუსულ კანონს!, თავისუფლება ლაზარეს!" - ამ წუთებში თბილისში, ერთმანეთის პარალელურად, ორი აქციისთვის ემზადებიან.
სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რამდენიმე ათეული ადამიანი, პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან.
პარლამენტის უკან ისინი "ქართული ოცნების" მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებას გააპროტესტებენ. საქალაქო სასამართლოსთან კი აქტივისტები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად იკრიბებიან.
ცნობისთვის, დღეს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გირგორიადისის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების დროს, 2023 წლის 29 მარტს, პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულმა, 7 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა.
ასევე, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ლაზარემ, 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე შსს-ს კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სახელმწიფო ბიუჯეტს კი მისი ამ ქმედებით 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს, მოსამართლემ კი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა.
0
0