02/08/2024
18:06
სპორტი
ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, ტედის პრივოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად, თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.
ფაქტს მსოფლიო პრესა, ძიუდოს გულშემატკივრები და სოცილური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.
შეხვედრის დასრულებიდან მალევე გავრცელდა ტედი რინერის ჟესტის ამსახველი ფოტო, რამაც გურამ თუშიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
- "რა ხდება, მიზანმიმართულად ავიწროვებენ ქართველ სპორტსმენებს, თუ რა ხდება? ყველაზე უსამართლო ოლიმპიადაა...
- მსაჯი იქ არ იყო? ეძინა? ჩვენმა დელეგაციამ უნდა გააპროტესტოს რინერის თავხედობა;
- ღირსება ყველა მედალს ჯობია;
- რინერს არ ეკადრებოდა ასეთი პატარა კაცობა", - ქართველი გულშემატკივრები თვლიან, რომ რინერის ჟესტი უღირსი საქციელი იყო და მსაჯებმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც თუშიშვილი გამოთიშეს შეჯიბრს.
რაც შეეხება ფრანგულ მედიას, RMC Sport -მა ინციდენტი თუშიშვილის ზედმეტ ამბიციურობას მიაწერა. გამოცემამ ყურადღება გურამის ქცევაზე გაამახვილა, თუმცა არაფერი დაწერა რინერის პროვოკაციულ ჟესტზე.
"თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირების კადრები. გაბრაზებული გურამ თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა და ფრანგს დაუპირისპირდა", - წერს განახლებად მასალაში გამოცემა და მის არხზე ვიდეოს აქვეყნებს.
- "ჩვენ შენთან ვართ ტედი!
- შესანიშნავი ბრძოლა იყო“, - ამხნევებენ ფრანგი გულშემატკივრები ტედი რინერს.
აღსანიშნავია, რომ თუშიშვილი - ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს 2018 წლისა და ევროპის 2017, 2019 წლების ჩემპიონი ტედი რინერს კარიერის განმავლობაში მეხუთედ დაუპირისპირდა.
ორთაბრძოლის დასასრულს რინერმა თუშიშვილი იპონზე დააგდო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქართველს შორის სიტუაცია დაიძაბა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, რინერის პროვოკაციული ქმედება გახდა.
გურამს იპონით წაგება ჩაეთვალა, მაგრამ მოგვიანებით მისი ქმედება არასპორტულადაც შეფასდა და თუშიშვილი ასპარეზობიდან სულ მოიხსნა.
0
0