
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ფლორიდის აეროპორტთან აღმოაჩინა საეჭვო სანადირო კოშკი, რომელიც იმ ადგილს გადაჰყურებს, საიდანაც დონალდ ტრამპი თვითმფრინავიდან ჩამოდის.
როგორც „ფოქს ნიუსი“ იუწყება, საეჭვო ნაგებობა ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს.
საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის, ენტონი გულიელმის განცხადებით, კოშკი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების დროს აღმოაჩინეს.
ამჟამად გამოძიებას ატარებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო. უწყების დირექტორის, კეშ პატელის თქმით, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის კოშკის კავშირი რომელიმე კონკრეტულ პირთან.
„ფოქს ნიუსთან“ საუბარში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაგებობა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ იყო დამონტაჟებული.
ცნობისთვის, 2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, მიტინგზე გამოსვლისას დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად, ტრამპი ყურში დაიჭრა. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა სროლაში ეჭვმიტანილი მოკლეს. ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი იყო. ტრამპზე თავდასხმის მოტივი უცნობია. ამავე წლის სექტემბერში ფლორიდაში მდებარე იმ გოლფ კლუბთან, სადაც დონალდ ტრამპი იმყოფებოდა, საიდუმლო სამსახურმა შეიარაღებული პირი აღმოაჩინა. ის 58 წლის რაიან უესლი რუთი აღმოჩნდა, რომელიც სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. რაიან უესლი რუთის განაჩენი 2025 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.
1
0
22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
20/10/2025