
ნებისმიერი ფონდი გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რას და რისთვის აკეთებს. კეთილი საქმის კეთების პარალელურად, შეიძლება, ისეთ საქმეს აკეთებდე, როგორიცაა, ვთქვათ, დესტრუქციული მოქმედებების და პროცესების წახალისება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს გამონაკლისი არ არის და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები იყოს გამოაშკარავებული.
„რასაკვირველია, ფონდებს შესაბამისი დაფინანსება სჭირდება. რეალურად, ამ დაფინანსების წყაროებთან უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი. ამ თემებთან მიმართებით პრეტენზია თუ არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია, შესაბამისი განცხადებაც იქნება გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა. ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები არ ვიცი, ალბათ შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ. ფონდი როდესაც პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების საქმეში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
0
0