
POLITICO-ს ინფორმაციით, როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ევროპარლამენტი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ორ საკითხს განიხილავს, კენჭისყრა კი 6-9 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
„ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - ულტრამემარჯვენე „ევროპის პატრიოტებმა“ და „მემარცხენეებმა“ - 10 სექტემბერს, შუაღამისას, ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმი ცალ-ცალკე წარადგინეს, რაც, პარლამენტის წესებით დაშვებული ყველაზე ადრეული ვადაა. ორი ოფიციალური პირის თქმით, „პატრიოტებმა“ პარლამენტში თავიანთი ვოტუმი „მემარცხენეებამდე“ 20 წამით ადრე წარადგინეს.
აღნიშნული ნაბიჯები, სტრასბურგის პარლამენტში, ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში გადაიდგა, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირში მზარდ პოლიტიკურ ფრაგმენტაციას. „პატრიოტები“ ფონ დერ ლაიენს გაუმჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი თავის არიდებაში ადანაშაულებენ და მერკოსურთან და აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებების დადების გამო აკრიტიკებენ. მემარცხენეები ასევე აკრიტიკებენ ევროკომისიის სავაჭრო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი, ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ ომში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ჩაურევლობას.
ევროპარლამენტში უნდობლობის ორი ვოტუმის ერთდროულად წარდგენა უპრეცედენტოა,“ - წერს POLITICO.
როგორც პარლამენტის პრესსპიკერმა დელფინ კოლარდმა განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები დებატებისა და კენჭისყრის განრიგს 1-ელ ოქტომბერს, პლენარული სხდომის საბოლოო დღის წესრიგის განხილვისას განსაზღვრავენ. ორი ანონიმური პირის თქმით, ყველაზე სავარაუდო ვარიანტია ერთობლივი დებატების 6 ოქტომბერს ჩატარება, რასაც მოჰყვება 9 ოქტომბერს ორი ცალკეული კენჭისყრა.
„პატრიოტები“, სავარაუდოდ, პირველი ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ, რადგან, მათი მკიცებით, შუამდგომლობა „მემარცხენეების“ წინ წარადგინეს და შესაბამისად, პრიორიტეტი აქვთ.
0
0