14/06/2023
16:23
მსოფლიო
ფლორიდელმა მკვლევარმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და წყალქვეშ 100 დღე გაატარა. ჯოზეფ დიტურიმ ექსპერიმენტული პროექტი სახელწოდებით Project Neptune 10 დასრულებულად გამოაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 55 წლის კაცი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 9 მეტრ სიღრმეზე ცხოვრობდა. დიტურის მიზანი ახალი თაობებისთვის სამეცნიერო ინტერესის გაჩენაა, რათა სამომავლოდ წყალქვეშა სამყაროს კვლევები მეტად აქტიური და პოპულარული გახდეს. მისივე თქმით, საკუთარი ინტერესის ერთ-ერთ მთავარ საგანს ექსტრემალურ პირობებში ადამიანის სხეულის შესაძლებლობების შესწავლა წარმოადგენს.
წყალში ცხოვრების პარალელურად, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფი სწავლობდა, თუ რა გავლენა აქვს სოციუმისა და ჩვეული გარემო-პირობებისაგან ადამიანის სრულ იზოლაციას მის ფსიქოლოგიაზე. ცალკე კვლევის საგანი ჯანმრთელობის პარამეტრების გამოკვლევაა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პროფესორი წყალქვეშ ყოფნისას სამეცნიერო საქმიანობას აგრძელებდა და ბიოინჟინერიის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციებს ატარებდა. ჩვეული რუტინის შესანარჩუნებლად ის ყოველ დილით, 5 საათზე იღვიძებდა, ვარჯიშობდა, შემდეგ, ძირითადად, კვერცხით ან ორაგულის სტეიკით საუზმობდა და მუშაობას იწყებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კატეგორიაში ბოლო რეკორდი 2014 წელს დამყარდა, რა დროსაც ორმა ამერიკელმა პროფესორმა წყალქვეშ 73 დღე გაატარა.
0
0