
კლასიკოსმა გიტარისტმა ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში ახალი გადაცემის, „სიმპოზიუმის“, შესახებ დააანონსა, რომელიც კლასიკური გიტარის თემატიკით შემოიფარგლება და „იუთუბ არხზე“ განთავსდება.
გარდა ამისა, მუსიკოსი მუშაობს სახელმძღვანელოზე, რომლის მეშვეობითაც სმენადაქვეითებულ ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ მუსიკის შესწავლა. მუსიკოსს შემოქმედებითად აქტიური პერიოდი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე. რა ხდება მის ცხოვრებაში ამის შესახებ „თბილისელებთან“ საუბრობს.
ტარიელ სუარი: კლასიკური გიტარის კონგრესის 59-ე სიმპოზიუმი გვქონდა და გადაცემის იდეა მაშინ გაჩნდა – რატომ არ უნდა გაგვეშვა ეს ყოველივე გადაცემის სახით. ჩვენი შეკრება ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩაიწერა საცდელი გადაცემა, თუმცა, ბევრი ტექნიკური ხარვეზია, რაც, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგალითად: ხმა, განათება და ასე შემდეგ. კლასიკური გიტარის მიმართ დაინტერესება ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა გადაცემა ამ ეტაპისთვის ვიწრო სეგმენტისთვისაა, უფრო მათთვის, ვისაც სერიოზული ხელოვნება და მუსიკა აინტერესებს. არ არის გათვლილი საზოგადოების იმ ფართო მასშტაბზე, რომელიც პოპულარული მუსიკისა და ფანოღის მიმდევარია.
– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში იასთან გაშორების შემდეგ?
– ჩემს პირად ცხოვრებაში დიდი არაფერი ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ დილით და საღამოს ტაძარში ვარ, ვცდილობ, უბიწო ცხოვრების წესი დავიცვა. არანაირი ხალისი არ მაქვს ახალი ურთიერთობის დაწყების. რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს...
იმ დროსაც კი, როცა ხელი ვთხოვე, ერთადერთი, ვინც მიყვარდა ეს იყო ღმერთი. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი მიყვარს. თქვენ თუ სექსუალური ლტოლვა გაინტერესებთ, ეს უკვე სხვა თემაა. მე ლტოლვა მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იას მიმართ, ახლა საერთოდ არანაირი ლტოლვა აღარ მაქვს, რადგან ეკლესიასა და სულიერებაზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ფიზიკური ლტოლვა გამქრალია ყველა ქალის მიმართ. სამომავლოდ არ ვიცი, რა იქნება. შესაძლებელია, ხვალ შემხვდეს ადამიანი, რომლის მიმართაც ისეთი ლტოლვა გამიჩნდეს, რომ მეორე დღესვე ცოლად მოვიყვანო (იცინის), მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ვარ. იას მიმართ ჩემი სექსუალური ლტოლვა, სავარაუდოდ, იმ დროს შეწყდა, როცა მე ეს ინფორმაცია მივიღე. ამის შემდეგ გადავედი სულიერებაში და ვიპოვე ჩემი თავი. ისე, სიყვარულით ყველა ადამიანი მიყვარს.
0
0