08/04/2022
12:55
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას და არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 17 მარტს, ფაქტზე გამოძიება უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი, ოპერატორი და სამართალდამცველები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ იქნა სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, მოხდა მათი დეტალური შესწავლა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ზუგდიდში დაკავებულ იქნა ორივე ბრალდებული.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
0
0