24/07/2024
16:53
ეკონომიკა
„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიკურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს“, - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით.
კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - სხვა ოპერატორებისთვის ქსელზე დაშვების ვალდებულება განსაზღვრეს, რაც, მათივე მტკიცებით, კონკურენციის გამოწვევებს აღმოფხვრის და ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვან და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის.
„საგულისხმოა, რომ აბონენტებისთვის არსებული შემზღუდველი პირობები ნათლად გამოიხატა კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფასების შედარებით ანალიზშიც, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ მაღალსიჩქარიანი და მაღალი ხარისხის მომსახურებები საქართველოში კრიტიკულად უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. მაგალითისთვის, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 100 მბ/წმ ოპტიკური ინტერნეტი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურების საშუალო ფასზე 136%-ით ძვირია. შესაბამისად, საქართველოში აბონენტების მხოლოდ 1% სარგებლობს 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტ მომსახურებით, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში აღნიშნულ სიჩქარეს ოჯახების ნახევარზე მეტი - 55% მოიხმარს.
„ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებულნი იქნებიან აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ სასურველი სიჩქარე თუ მოცულობა“ - წერია ფასების შედარებითი ანალიზის დასკვნაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულ ოპერატორებს, განსაკუთრებით კი - „მაგთიკომს“ კრიტიკულად დიდი მომგებიანობის მაჩვენებელი, იგივე EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე) აქვს. კერძოდ, 2022 წელს, მაშინ, როდესაც ევროპული ოპერატორების EBITDA მარჟა საშუალოდ 35%-ს უტოლდებოდა, „მაგთიკომისთვის“ ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი - 75% იყო.
ყველა აღნიშნული გამოწვევა მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ ბაზარზე მომხმარებლებისთვის შემზღუდველი და არახელსაყრელი გარემოა, რომლის აღმოფხვრაც ექსპერტების შეფასებით, კომუნიკაციების კომისიას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრით შეუძლია. მათივე დასკვნით, წინასწარი რეგულაცია მოხსნის ბაზარზე შესვლის ბარიერებს, რაც გააუმჯობესებს ბაზრის დინამიკას და კონკურენციას, ხოლო აღნიშნული საბოლოო მომხმარებელზე დადებითად - უკეთესი სერვისით, ფასების შემცირებითა და მრავალფეროვანი არჩევანის სახით აისახება“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
კვლევის შედეგები და გამოწვევები დღეს მედიას კომუნიკაციების კომისიაში გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.
კომუნიკაციების კომისიის პროექტს გამოეხმაურა „მაგთის“ იურისტი ლევან გიორგაძე.
„სანამ ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული და ეს არსებობს პროექტის სახით, არასწორია მისი სრულყოფილად შეფასება და იმ მოლოდინების გაჩენა, რასაც სამწუხაროდ, კომისია ცდილობს. სამწუხაროდ, კომისიის პიარაქტივობები ამ მიმართულებით ერთადერთ ფაქტს ადასტურებს, რომ ის ამ წარმოებას ფორმალურად ატარებს. მის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების პროექტი არ შეიცვლება. ჩვენ ამ წარმოების ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო კომპანიების კონსულტანტების დასკვნები წარვადგინეთ, სადაც ისინი კომისიას უმტკიცებენ, რომ მის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი არ არის დასაბუთებული. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კომისიას, რომ ჯერ კიდევ არის დრო ამ წარმოების ფარგლებში, რომ მან მოუსმინოს კვალიფიციურ ექსპერტებს და გადაწყვეტილება მიიღოს სწორი ანალიზის საფუძველზე და არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მას აქვს არჩეული, რომ დასაჯოს წარმატებული კომპანია „მაგთიკომი“. ბაზარზე კონკურენცია არის, „მაგთიკომი“ თავისი საბაზრო წილის მიუხედავად არ ფლობს ერთპიროვნულ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, რაც შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ მისი ქცევა დამოუკიდებელი ვერ არის მომხმარებლების და კონკურენტების ქცევისგან“, - განაცხადა იურისტმა, ლევან გიორგაძემ.
0
0