
ჰელსინკის რაიონულმა სასამართლომ დააჯარიმა ევროპარლამენტის წევრობის ყოფილი კანდიდატი არმანდო მემა, რომელმაც ფინეთში ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უყვირა.
გამოცემა Brussels Signal-ის თანახმად, მემა 2024 წლის 11 აგვისტოს დააჯარიმეს 110 ევროთი „საჯარო მოხელის შეურაცხყოფისთვის“.
„სასამართლომ მე დამსაჯა დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია”, - განაცხადა მემამ.
აღნიშნული ინციდენტი 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნების კამპანიის პერიოდში მოხდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ფინეთში პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს მიწვევით იმყოფებოდა და სიტყვით მიმართავდა ფინურ საზოგადოებას ევროპაში თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
„რუსეთში ადამიანები ციხეში ხვდებიან, თუ საკუთარ აზრს გამოთქვამენ,“ - ამბობდა ფონ დერ ლაიენი, რა დროსაც, ფინეთის პოლიციამ არმანდო მემა დააპატიმრა, რადგან მან შეკითხვები დასვა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც მემას დაკავებისას არის გადაღებული, გამოიწვია როგორც სიცილი, ისე სკეპტიციზმი.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მემამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არაფერი დაუშავებია და ამ ინციდენტს ევროკავშირის დემოკრატიის სერიოზული პრობლემა უწოდა: „ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავისუფალი სიტყვის საკითხში ევროკავშირში. მშვიდობიანი პროტესტი ადამიანის უფლებაა. გაერო აღიარებს ამას. ფინეთში კი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად მოიხსენიებს თავს, ოპოზიციურ კანდიდატებს მხოლოდ შეკითხვების დასმის გამო აპატიმრებენ“, - თქვა მემამ.
„როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს: „თქვენ არ ხართ რუსეთში, იქ ციხეში აღმოჩნდებოდით“, და მერე მე ადგილზე მაპატიმრებენ, ეს უნდა გახდეს მთავარი თემა. ხალხმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „ეს არის დემოკრატია?“, - დასძინა მან.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მემა საჭიროებს პოლიციის ნებართვას, რათა შემდგომში მონაწილეობა მიიღოს ფინეთში გამართულ ნებისმიერ საპროტესტო აქციაში.
„მე არ შემიძლია უბრალოდ წავიდე და მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ დემონსტრაციაში პოლიციის ნებართვის გარეშე. ეს არის თავისუფალი სიტყვის უფლება?! ამას ევროპელი მოქალაქეები გადაწყვეტენ“, - თქვა მემამ.
7 აგვისტოს მემამ ასევე განაცხადა, რომ ფინელ ჟურნალისტებს აკრძალული ჰქონდათ მისი საქმის შესახებ ინფორმაციის გაშუქება.
„ჩემი შეკითხვები იმდენად უხერხული იყო ურსულასა და ფინეთის პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ფინეთის მთავარ მედიას არ ჰქონდა უფლება დაეწერა ამ ინციდენტის შესახებ. მათი პასუხი იყო: „ჩვენ არ შეგვიძლია ამის გამოქვეყნება“.
ჟურნალისტები გააჩუმეს და ვერ შეძლეს თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო“, - დაწერა მან X-ზე.
მემას ეს განცხადებები გაკეთდა იმ დროს, როდესაც ფინეთის უზენაესი სასამართლო ემზადებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, პაივი რასანენის, შესახებ გახმაურებული მოსმენისთვის, რომელიც სამართლებრივი პრობლემების წინაშე დგას თავისი რელიგიური შეხედულებების გამოხატვის გამო, რომელიც გენდერულ თემებსა და ქორწინებას ეხება.
0
0