
ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ალექსანდერ სტუბმას განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა "კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა და ამით ფინეთს ნატოში გაწევრიანებისკენ უბიძგა.
მისი თქმით, „ფინეთი არანაირად არ გახდებოდა ალიანსის წევრი, უკრაინაში რუსული არმია რომ არ შეჭრილიყო“.
ალექსანდერ სტუბმამ რუსეთის მუქარა რუსეთ-ფინეთის საზღვარზე სამხედრო ყოფნის გაძლიერების თაობაზე "რბილ რიტორიკად" შეაფასა.
„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად მათ [რუსეთს] რაიმე მატერიალური ან სამხედრო შესაძლებლობები აქვთ. ფინეთი არ შიშობს თავის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრის გამო, რადგან ქვეყანას 900,000 რეზერვისტი ჰყავს, რომელთაგან 280,000-ს ომის დროს მობილიზება შეუძლია.
კითხვაზე, დააპირისპირებს თუ არა ნატოში გაწევრიანება ფინეთს რუსეთთან, სტუბმამ თქვა: ”ერთადერთი, რასაც პუტინი „პატივს ცემს“, არის ძალაუფლება - მე მას რამდენჯერმე შევხვდი. ყოველი სუვერენული, ინდივიდუალური, დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს პრეროგატივა და უფლებაა, აირჩიოს რომელ ბლოკს/ორგანიზაციას ეკუთვნოდეს.
რუსეთისთვისაც კი, ფინეთი საკმაოდ „სანდო ხელია“ ნატოს ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, მეზობელი შვედეთი ზაფხულისთვის ნატოს წევრი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ მას თურქეთისგან წინააღმდეგობა შეხვდა,“ - აღნიშნა ალექსანდერ სტუბმამ.
0
0