12/05/2022
12:32
მსოფლიო
ფინეთი, რომელსაც რუსეთისგან 1300 კმ-იანი საზღვარი ჰყოფს და მასთან რთული წარსული აკავშირებს, ამ დრომდე ალიანსის მიღმა რჩებოდა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს.
ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ფინეთის მთავრობამ, ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ასახავს ალიანსში გაწევრიანების გზას, როგორც ფინეთის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ალტერნატივას.
ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: "გადაწყვეტილების მიღების მომენტი მოახლოვდა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი უნდა გააკეთოს.
"ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები მომდევნო რამდენიმე დღეში გადაიდგმება“.
თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ნატოში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა 30%-დან თითქმის 80%-მდე გაიზარდა.
ასევე მოსალოდნელია, რომ შვედეთი, ფინეთის დასავლელი მეზობელი, მალე გამოაცხადებს ალიანსში გაწევრიანების სურვილს, მსგავსი პროცესის გავლით. რუსეთი ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და განაცხადა, რომ ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება. თავის მხრივ, ფინეთის ნატოში გაწევრიანებას როგორც პრაქტიკული, ისე სიმბოლური შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის და დასავლური ალიანსისთვის.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ფინეთი ნომინალურად ნეიტრალური დარჩა, რათა თავიდან აიცილებინა რუსეთის პროვოცირება. ის დროდადრო აკმაყოფილებდა კრემლის მოთხოვნებს და ცდილობდა რუსეთთან კარგი სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებას. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა ფინეთის ვარაუდები მნიშვნელოვნად შეცვალა, ასე რომ, რუსეთის მოსალოდნელი რეაქციის მიუხედავად, ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანება ახლა საუკეთესო გზაა.
0
0