
გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, კიევში უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან აშშ-ის დელეგაციის შეხვედრის ტონი „ამაზრზენი“ იყო.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები 21 ნოემბერს კიევში, უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ჯული დევისის რეზიდენციაში გაიმართა. ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის ტონს „ამაზრზენი“ უწოდა.
„დროა, ტრამპის მხარდამჭერებმა ყვირილი დაიწყონ“, - თქვა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
შეხვედრა კიევის ისტორიულ უბანში მდებარე მდიდრულ სასახლეში, აშშ-ის მიერ 28-პუნქტიანი გეგმის წარდგენიდან მეორე დღეს გაიმართა. ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, დისკუსია ჩიხში სწრაფად შევიდა.
„დევისმა სასახლეში შეკრებილ ადამიანებს განუცხადა, რომ „არსებობს შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერა ომის გაგრძელებაში“, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე ელჩმა.
„არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ რუსეთს აქვს ძლიერი სამრეწველო ბაზა, და უკრაინას მოუწევს შეთანხმების დადება. ეს დროის საკითხია“, - ციტირებს The Financial Times-ი ჯული დევისს.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელი გენერალი დენ დრისკოლი, რომელმაც მანამდე უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა, ელჩებთან მოლაპარაკებებზე დაგვიანებით გამოცხადდა, ის შეხვედრაზე უწმაწურ სიტყვებს იყენებდა.
„აშშ-ის სამხედროებს უყვართ და მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ მათი გულწრფელი შეფასებით, უკრაინა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ახლა საუკეთესო დროა მშვიდობის დასამყარებლად“, - თქვა დრისკოლმა.
მან დასძინა, რომ „უსაფრთხოების გარანტიები“ აშშ-სთან შეთანხმების ნაწილია და ეს საკითხი ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან უახლოეს დღეებში განიხილება.
შეხვედრაზე დამსწრე ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დევისმა და დრისკოლმა დაჟინებით მოითხოვეს, ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს, ამერიკის „მადლიერების დღის“ დღესასწაულამდე მოაწეროს.
„მშვიდობის მცირე შანსი გვაქვს - პრეზიდენტ ტრამპს ახლა მშვიდობა სურს“, - განაცხადა დრისკოლმა.
0
0