
ევროკომისიამ დაიწყო „დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები“ პარტია „ტისა“-ს ლიდერთან, პეტერ მადიართან უნგრეთის არჩევნებში მისი დაჯერებული გამარჯვების შემდეგ - კომისია მას მოუწოდებს, მოაგვაროს ურთიერთობაუკრაინასთან და დაიწყოს რეფორმები ევროკავშირის მიერ გაყინული 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ინფორმირებულნი არიან ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის გამართული პირველი მოლაპარაკებების შესახებ, განაცხადეს, რომ მადიარის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებამ მათ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, ამავდროულად, ამ ფაქტმა აწია თამასა იმისა, თუ რას ელის კომისია პოლიტიკოსისგან.
„მას [მადიარს] აქვს ცვლილებების სრული მანდატი... და ჩვენ მასთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ. განწყობა ასეთია: მოდით, მასზე ფსონები გავაორმაგოთ. თუ ისინი შეასრულებენ დაპირებებს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენსას“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დედაქალაქები განიხილავენ მადიარის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის განბლოკვასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო რაუნდზე ბუდაპეშტის ვეტოს გაუქმებას, როგორც ახალი პრემიერ-მინისტრის მზაობის საკვანძო ნიშნებს, აღადგინოს ევროკავშირთან ძლიერ დაზიანებული ურთიერთობები.
გარდა ამისა, უნგრეთისთვის განკუთვნილი დაახლოებით 35 მილიარდი ევრო ევროკავშირის სახსრებიდან გაყინულია ბრიუსელთან არსებული მთელი რიგი დავებისა და ვიქტორ ორბანის უარის გამო, გაეტარებინა აუცილებელი რეფორმები.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ეს მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თითქმის 18 მილიარდ ევროს, რომელიც გაყინულია იმის გამო, რასაც ბრიუსელი კანონის უზენაესობის დარღვევად, კორუფციის გაზრდილ რისკებად და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შელახვად მიიჩნევს. ასევე გადაიდო 17 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების შეღავათიანი კრედიტების გამოყოფა თავდაცვის სფეროსთვის.
თანხების განსაბლოკად უნგრეთს 27 პირობის შესრულება მოუწევს, რომელთა შორისაა ანტიკორუფციული შემოწმებები და ორბანის ეპოქის იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლებიც ევროკავშირის წესების დარღვევად მიიჩნევა - დაწყებული თავშესაფრის მაძიებლებისადმი დამოკიდებულებით, დამთავრებული აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფით.
ევროკომისია ასევე ელოდება სწრაფ მოლაპარაკებებს მადიართან და მის გუნდთან იმ კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელიც დაკავშირებულია უნგრეთის უართან, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - სასამართლომ ბუდაპეშტის კანონმდებლობა თავშესაფრის გაცემის შესახებ ევროკავშირის წესების დამრღვევად ცნო.
ეს დავა უნგრეთს ყოველდღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმად უჯდება, რომელმაც ამ დროისთვის თითქმის 900 მილიონ ევროს მიაღწია და რომელსაც ბრიუსელი ქვეყნისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ბიუჯეტის წილიდან აკავებს.
1
0