
ბრიტანული გამოცემა Financial Times იუწყება, რომ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვს.
კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ უგულებელყო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები და აგრძელებს მუშაობას საკამათო კანონზე „რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსი“.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი იღებენ ინიციატივას, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაიწყონ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების განხილვა. გამოცემა იუწყება, რომ განხილვის საგანი იქნება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, ფიზიკური პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის სახსრების გაყინვა.
„ევროპის დედაქალაქები განიხილავენ სხვადასხვა ზომებს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მიზნით“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
0
0