
აშშ-მა და უკრაინამ შეიმუშავეს ახალი, 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა ყველაზე პოლიტიკურად მგრძნობიარე ელემენტები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის გადასაწყვეტად დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემნა Financial Times-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე, სერგი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვაშინგტონი მანამდე ზეწოლას ახდენდა კიევზე, რომ დათანხმებულიყო 28-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც შემუშავებული იყო აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ და კვეთდა უკრაინის რამდენიმე „წითელ ხაზს“, - წერს Financial Times-ი.
კისლიცამ, რომელიც ჟენევაში მაღალი რანგის მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრი იყო, Financial Times-ს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო „ინტენსიური“, მაგრამ „პროდუქტიული“ მცდელობა, რის შედეგადაც საფუძვლიანად გადაიხედა დოკუმენტის პროექტი და ორივე მხარეს „პოზიტიური“ განწყობა დაუტოვა.
აშშ-ისა და უკრაინის გუნდებმა რამდენიმე საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ყველაზე სადავო პუნქტები - მათ შორის ტერიტორიული საკითხები და ნატოს, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები - „ფრჩხილებში მოაქციეს“ იმ მიზნით, რომ ისინი დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტონ.
უკრაინელების თქმით, მათ „არ ჰქონდათ მანდატი“ მიეღოთ გადაწყვეტილებები ტერიტორიის შესახებ - განსაკუთრებით ტერიტორიების დათმობაზე, როგორც ეს საწყისი პროექტის გეგმაში იყო შემოთავაზებული - რაც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ეროვნულ რეფერენდუმს საჭიროებს.
0
0